სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის მასშტაბით პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილების რაოდენობის გაზრდა იგეგმება. ახალი საპარკინგე სივრცეების შესარჩევად მუშაობა უკვე დაწყებულია და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. გორში პარკირების სისტემა 1 ოქტომბრიდან მოქმედებს, თუმცა, პარკირების სამსახურის თანამშრომლებმა საჯარიმო სანქციების დაწერა 1 ნოემბრიდან დაიწყეს.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი GMnews-თან ამბობს, რომ სააგენტოს თანამშრომლები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდნენ საინფორმაციო კამპანიას, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ლოიალურობას ახლაც ინარჩუნებენ. „შემიძლია გითხრათ, რომ პარკირების ფასიანი მომსახურების ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეთა აქტიურობა საკმაოდ შესამჩნევი იყო. დღეის მდგომარეობით, პარკირების საშვი 1480 მოქალაქეს აქვს შეძენილი, მართალია, სხვადასხვა პერიოდულობის საშვია გაცემული, თუმცა, საზოგაოების გარკვეული ნაწილი რომ რეგულაციებს ემორჩილება, ვფიქრობ, ეს აღსანიშნავია. რაც შეეხება ჯარიმებს, გეტყვით, რომ გასული პერიოდის განმავლობაში, პარკირების წესის დარღვევსთვის 1000-ზე მეტი ავტომფლობელია დაჯარიმებული, მათგან დაახლოებით 60%-ს საჯარიმო თანხა უკვე გადახდილი აქვს“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ბაჩანა გვიანიშვილმა.
გორის ქუჩებში პარკირების გადასახადი შემდეგნაირადაა განსაზღვრული: 1 დღე - 1 ლარი; 30 დღე - 10 ლარი; 90 დღე - 15 ლარი; 180 დღე - 25 ლარი; 365 დღე - 40 ლარი. შეგახსენებთ, რომ პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე 10 ლარის ოდენობით ჯარიმდება. ჯარიმის გადახდა ან დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე -
www.goriparking.ge