საზოგადოება
20.09.2023 14:01
ახალი სამაცივრე და მშრალი სასაწყობო საწარმოების დაფინანსებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

შემნახველი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, განაცხადების მიღება დღეიდან, 20 სექტემბრიდან დაიწყო.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა.

„პროექტის მიზანია: პირველადი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა; მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურებით თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება; ეფექტური კოოპერაციის ხელშეწყობა; ფერმერებისათვის მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა; შემნახველი საწარმოებისათვის სერვისის მიმწოდებლად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და შემნახველი ინფრასტრუქტურის სტანდარტიზაციის ხელშეწყობაა.

შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას. ამასთან, შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პროდუქციის (კერძოდ, კურკოვანი, თესლოვანი, კენკროვანი, სუბტროპიკული, ბოსტნეული, კაკლოვნები, ყურძენი, ციტრუსოვანი და ბაღჩეული კულტურები) სპეციფიკაზე“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, შემნახველი საწარმოების შექმნა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი) დაფინანსდება.

მარცვლეულის შემნახველი საწარმოები კი დაფინანსდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ასევე ქალაქ ფოთსა და ბათუმში.

 

 

 

 

კვირის ამბები