საზოგადოება
20.09.2023 11:45
უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირების თარიღი ცნობილია

უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის პროფესიული ტესტირების განრიგი დამტკიცდა და ტესტირება 23 და 24 სექტემბერს ჩატარდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) 23 სექტემბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 24 სექტემბერს ჩატარდება.

„შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა.

დეტალური ინფორმაცია პროფესიული ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე – vet. emis. ge. აუცილებელია, აპლიკანტმა პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიოს  პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი, ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, 2023 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო კი შეადგენს 1 საათს და 30 წუთს.

საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები  vet. emis.ge-ზე და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
კვირის ამბები