გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 200 აღსაზრდელზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამ დროისთვის ბაღში 90-მდე ბავშვი ირიცხება.
რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის შენობა, მოეწყო კომუნიკაციები, ასევე, მოწესრიგდა ეზო, მოიხატა ფასადი და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა და მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ახალ საბავშვო ბაღში ხელთუბნელ ბავშვებთან ერთად, თორტიზაში მცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ სიარულს.
ცნობისთვის, ამ დრომდე ხელთუბნის საბავშო ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებდა.