საზოგადოება
20.02.2020 10:08
1920 წლის 20 თებერვლის გორის მიწისძვრიდან 100 წელი გავიდა

ერთი საუკუნის წინანდელმა მიწისძვრამ ქალაქი გორი და მისი შემოგარენი მთლიანად გაანადგურა. პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვალს, ღამით, 02:55 საათზე დაფიქსირდა,  განმეორებითი კი - 14:45 საათზე. რიხტერის შკალით, მიწისძვრის მაგნიტუდა 6,2 ერთეულს შეადგენდა, ხოლო მერკალის შკალის მიხედვით, ბიძგების ინტენსივობა მიწისძვრის ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში. გორში მიწისძვრის სიმძლავრე 8 ბალს შეადგენდა, ისევე როგორც გორის მაზრის სოფლების უმრავლესობაში. ბიძგები მთელი საქართველოს მასშტაბით იგრძნობოდა. თბილისში მისი სიმძლავრე 6 ბალს შეადგენდა, ხოლო ბათუმსა და ფოთში - 5 ბალს.

მიწისძვრამ გორის მაზრაში იმსხვერპლა 129 ადამიანის სიცოცხლე, დაშავდა 661, სტიქიამ დააზარალა 7118 ოჯახი. დაინგრა შენობები, ისტორიული ძეგლები.

უშუალოდ ქალაქ გორში, შენობების ნგრევის შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა 300 ადამიანი. მიწისძვრამ გაანადგურა როგორც ძვველი, ისე ახალი შენობები, ისტორიული ძეგლები თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. ქალაქ გორში დაზიანების გარეშე მხოლოდ 16 შენობა გადარჩა, დაახლოებით ათასი მსუბუქ რეაბილიტაციას ან სრულ რეკონსტრუქციას საჭიროებდა.

დანგრეული იყო ქალაქის ერობის და თვითმართველობის შენობები, ფოსტა, გიმნაზია, სასულიერო სასწავლებელი, ეკლესიები, ყაზარმები, სატუსაღო. თითქმის მთლიანად ჩამოინგრა გორის ციხე. მიწისძვრის შედეგად ქალაქ გორში დაიღუპა 18 ადამიანი (აქედან 7 ბავშვი), სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 267-მა მცხოვრებმა.

ცნობილია, რომ სრულად განადგურდა სოფლები: ხიდისთავი და ოხერა, უფლისციხე, სკრა, ატენი, გორიჯვარი, ხოვლე, დოესი...

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო სოფელ ხიდისთავსა და ოხერაში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა. ორივე სოფელი ღამის მიწისძვრის შედეგად სრულად განადგურდა. დიდი იყო მსხვერპლიც. კომისიის მონაცემების მიხედვით, ხიდისთავში დაიღუპა 30, ხოლო ოხერაში - 16 კაცი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 49 ადამიანმა. ამ სოფლებში დაზარალდა 338 ოჯახი.

იმჟამინდელი პრესა წერდა: ,,შუადღის მიწისძვრის დროს ქალაქში ისეთი მტვერი დადგა, კაცი ვერაფერს დაინახავდა. ქუჩებში საშინელი ხმაური ისმოდა - ძაღლების ყეფა, ადამიანთა ყვირილი, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებდნენ ან ნანგრევებიდან თავის დასაღწევად დახმარებას ითხოვდნენ.
თითქმის მთლიანად დაინგრა სოფელი უფლისციხე, სადაც ნანგრევებში მოჰყვა ახალდაქორწინებული წყვილი მექორწილეებთან ერთად. უმძიმესი მდგომარეობაა ატენში, გორიჯვარში, სკრაში, ხოვლეში, სასირეთში, დოესში და სხვა სოფლებში. მთლიანობაში, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო გორის მაზრის 75-მა სოფელმა”.

სახლების დანგრევასთან ერთად, სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეღუპა შინაური პირუტყვი. სახლების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა თებერვლის სუსხიან დღეებში ღია ცის ქვეშ დარჩა.

20 თებერვალს მაზრაში იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, 22 თებერვალს შეიქმნა მთავრობის საგანგებო კომიტეტი, რომელსაც იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე ხელმძღვანელობდა. მთავრობამ მოუწოდა მთელი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც რით შეეძლო, მხარში ამოსდგომოდა გორის მოსახლეობას.
საქართველოს მთავრობამ მაშინვე გამოყო პირველადი 20-მილიონიანი დახმარება, თუმცა, პირველი დახმარების საჭიროება 60-80 მილიონ მანეთამდე ადიოდა. მოსახლეობას გაეგზავნა საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, 10 ათასი კარავი, შეშა. შეიქმნა საველე ჰოსპიტალები დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. რკინიგზაზე განუწყვეტლივ მოძრაობდნენ სამგზავრო, საბარგო და სანიტარიული მატარებლები. სანიტარიული მატარებლით დაშავებულები გადაჰყავდათ თბილისში.

მთავრობამ უსახლკაროდ დარჩენილთათვის ბინები დაიქირავა ბორჯომში, ხაშურსა და სურამში. გორში თითქმის არ ყოფილა მოროდიორობის ფაქტები.

20 თებერვალს მომხდარი ორი დამანგრეველი სიმძლავრის ბიძგის გარდა, რამდენიმე დღის განმავლობაში იგრძნობოდა სუსტუ ბიძგები, რაც ისედაც დაზაფრულ მოსახლეობაზე კიდევ უფრო დამთრგუნველად მოქმედებდა. ამიტომ დადიოდნენ გორელები შუა გზაზე, რომ შენობების ნანგრევებიდან რამე არ დასცემოდათ. სწორედ გორის 1920 წლის მიწისძვრას უკავშირდება საზოგადოებაში დამკვიდრებული ფრაზა - რა გორელივით შუა გზაზე დადიხარო.
დაზარალებულებს ფულად დახმარებას უწევდა მთელი საქართველო, დაწყებული მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების პირადი შემოწირულობებიდან, დამთავრებული კერძო პირებით და სხვადასხვა ორგანიზაციით.
გორელთა დასახმარებლად იგზავნებოდა ეკლესიებში მოგროვილი ფული, საკუთარი ხელფასის ნაწილი გაიღეს რეგულარული არმიის ჯარისკაცებმა და გვარდიელებმა, სტუდენტებმა, მწერლებმა, მსახიობებმა, მუშებმა, ლოტოს გათამაშებიდან შემოსული თანხის 10 პროცენტიც გორის ფონდს ერიცხებოდა, კვირაში ერთხელ კი, ლოტოს მთელი მოგება.

დაზარალებულებისთვის განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩენია წითელი ჯვრის ორგანიზაციას, რომელიც პირველი ჩასულა გორში და დახმარება ჩაუტანია. ასევე, გორს დახმარება გაუწია იტალიის სამოქალაქო მისიამაც, მათ გორში გაგზავნეს 500 კაცზე გათვლილი საველე ამბულატორია და ექიმთა ჯგუფი. დაზარალებულებს დახმარება გაუწია სომეხთა ეროვნულმა საბჭომ, რომელმაც გორელებისთვის გამოყო 50 ათასი მანეთი და საკუთარ თავზე აიღო დაშავებულთათვის საავადმყოფოში 20 საწოლის შენახვა. მიწისძვრასთან დაკავშირებით ამერიკული გაზეთის, ,ნიუ-იორკ თაიმსის" 10 მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - ,,ასობით მკვდარი, ათასობით უსახლკარო - კავკასიაში მომხდარი მძიმე მიწისძვრის შედეგი". ამერიკელთა აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტმა კი სამი ვაგონი ძველი ტანისამოსი გაუგზავნა დაზარალებულ გორელებს.

მიწისძვრით დაზარალებულთა კომისიის თავმჯდომარედ გორში აურჩევიათ ზაქარია (შაქრო) ქიტოშვილი, რომელსაც ძალზე ბევრი უშრომია დანგრეული გორის აღსადგენად და მოსახლეობის დასახმარებლად. მოგვიანებით, ქიტოშვილი გორის მამასახლისად, შემდეგ კი - ქალაქის თავად აურჩევიათ.




 

კვირის ამბები