გორის ხელოვნების სახლი გამოფენას - „ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი“ მასპინძლობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა აერთიანებს შვიდი განსხვავებული ახალგაზრდა ხელოვანის, სხვადასხვა მედიუმში გადათარგმნილ ურთიერთობის ფორმებს სამყაროსთან, მათ შორის, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან, ცხოველებთან და ბუნებასთან.
გამოფენა ანა გაბელაიას კურატორობით მოეწყო და დამთვალიერებელი იხილავს ანა ქორქიას, გიორგი კარტოზიას, გიორგი შენგელიას, გიორგი ვარდიაშვილის, მარიამ მზესუ გიუნაშვილის, მარი ყალაბეგაშვილის, ტბელ აბუსერიძის ნამუშევრებს.
„ვფიქრობდი, როგორ ხდება, რომ როცა ვაპირებ გამოფენის გაკეთებას გარემოს დაბინძურების და კლიმატის ცვლილების პრობლემებზე, საბოლოოდ მაინც ადამიანი ექცევა გამოფენის ფოკუსში. აღმოჩნდა, რომ ეს კითხვა თვითონაა პასუხიც.
„ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის ბაღი“ აერთიანებს შვიდი განსხვავებული ხელოვანის სხვადასხვა მედიუმში გადათარგმნილ ურთიერთობის ფორმებს სამყაროსთან, მათ შორის საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან, ცხოველებთან და ბუნებასთან. რადგან: ადამიანის და გარემოს ურთიერთობა ადამიანის და სამყაროს ურთიერთობაა; ადამიანის და ცხოველის ურთიერთობა ადამიანის და სამყაროს ურთიერთობაა; ადამიანის და ადამიანის ურთიერთობა ადამიანის და სამყაროს ურთიერთობა. სწორედ ეს ურთიერთობებია მწუხარებისა და სიხარულის მონაცვლეობის სათავე, რომელთა ერთობაც, საბოლოოდ, ცხოვრებას ქმნის“, - აღნიშნავს ანა გაბელაია.
გამოფენა 17 ოქტომბრამდე გაგრძელდება, გალერეა (გურამიშვილის ქ. 5), დამთვალიერებელს ყოველდღე, 12:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.
ცნობისთვის, პროექტი „Art House 20 23“ „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის“ მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.