რაგბის კლუბმა „გორი“ ახალი სეზონი დაიწყო. პირველი შეხვედრა „გორმა“ „ვეფხვების“ წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 28:26 დაამარცხა.
თამაშამდე ერთი დღით ადრე, გორელ მორაგბეებს, სამწვრთნელო შტაბს და კლუბის ხელმძღვანელობას მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, შეხვედრისას კლუბის ხელმძღვანელებმა სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და მოსამზადებელი ეტაპი შეაფასეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კლუბს წარმატება უსურვა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მხარდაჭერას დაპირდა.
„რაგბის კლუბმა „გორი“ შემადგენლობა რამდენიმე საკმაოდ გამოცდილი ქართველი სპორტსმენით გააძლიერა. კლუბმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, სტაბილური ადგილი დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის სარაგბო სამყაროში“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რაგბის კლუბი „გორი“ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ასპარეზობს. კლუბის ბაზაზე რაგბის შემსწავლელი ასაკობრივი ჯგუფებიც ფუნქციონირებს, სადაც მეცადინეობა უფასოა.