სპორტი
15.09.2023 14:11
6-8 ოქტომბერს თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნის მესამე მემორიალური ტურნირი ჩატარდება

6-8 ოქტომბერს გორი თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის ხსოვნის მესამე მემორიალურ ტურნირს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურნირში 2004-2006 წელს დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ. მონაწილეები ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში (57, 61, 65, 70, 74, 79, 86, 92, 97, 125 კგ.) დაუპირისპირდებიან.

„შეჯიბრებას საერთაშორისო სტატუსი აქვს, მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების კალენდარშია შეტანილი და მასში მონაწილეობას საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნების ახალგაზრდული ნაკრებებიც მიიღებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ფედერაცია ავრცელებს.

გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს შესაბამისი სინჯის მედლებთან ერთად, დიპლომები გადაეცემათ.

სხირელის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გორის სპორტის სასახლეში ჩატარდება.

შეგახსენებთ, ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.

 

 

კვირის ამბები