ჯარიმის გადაუხდელობის შემთხევვაში, ავტომფლობელებს, გამაფრთხილებელ დოკუმენტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები გადასცემენ - იდეა თავად სააგენტოს ხელმძღვანელს ეკუთვნის და შესაბამის დოკუმენტში უკვე აისახა.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ზემოაღნიშნულის დღის წესრიგში დაყენება ფოსტით მომსახურების ხარჯებმა განაპირობა. „კანონი გვავალდებულებს, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს ორჯერ გავუგზავნოთ გამაფრთხილებელი ბარათი, ამავე კანონის თანახმად, აუცილებელია, გზავნილი დაზღვეული სახით გაიგზავნოს, ეს მომსახურება კი, 4 ლარი და 50 თეთრი ღირს. სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, ჩემი თანამშრომლებისთვის გადამენაწილებინა ეს საქმიანობა. შედეგად, პირველ რიგში, დავზოგავთ ხარჯებს და ამავდროულად, დაზუსტებით გვეცოდინება, რომ გზავნილი ადრესატს ჩავაბარეთ“, - აცხადებს GMnews-თან საუბრისას ბაჩანა გვიანიშვილი.
კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნული სიახლე, თავდაპირველად, ქალაქის მასშტაბით დაინერგება, თუმცა, შესაძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს პარკირების განყოფილების თანამშრომლები, ამავე მომსახურებას სოფლის მაცხოვრებლებისთვისაც გასწევენ.