საზოგადოება
15.09.2023 11:10
სოფელ სკრის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს მეასედ შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს მეასედ შეხვდა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სკრის საჯარო სკოლაში წელს, პირველად, მოსწავლეთა სრული რაოდენობა 225-ს შეადგენს, მათ შორის, 24 პირველკლასელი მიუჯდა სკოლის მერხს.

საზეიმოდ მორთულ სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით და დროშის აღმართვით დაიწყო. დროშის აღმართვის საპატიო მისია კი პირველკლასელებმა შეასრულეს.

„მინდა სასკოლო საზოგადოებას მივულოცო ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს, პედაგოგებს.

ახალ სასწავლო წელს ჩვენი სკოლა სიახლეებით ხვდება - სკოლას დაარსებიდან 100 წლისთავი შეუსრულდა, რაც ძალიან საამაყო და სასიხარულოა; თანამშრომელთა გუნდს დაემატა 1 მენტორი და 2 წამყვანი მასწავლებელი; სამოქალაქო განათლების, წიგნიერების და ეკოკლუბის ფუნქციონირებასთან ერთად, მუშაობას იწყებს უცხო ენების კლუბი.

წელსაც ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სასკოლო სახელმძღვანელოებით, პირველკლასელები კი ბუკებით“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში განაცხადა სკოლის დირექტორმა ლანა ფერაძემ.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო და 5 კერძო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი დღეს, 15 სექტემბერს დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის კარი 1540 პირველკლასელმა შეაღო. მათ შორის, 185 პირველკლასელი საბაზისო ცოდნას საოკუპაციო ხაზთან არსებულ სკოლებში მიიღებს.
კვირის ამბები