საზოგადოება
14.09.2023 13:35
„ეს ქვეყანა შენია“ - კონკურსი ახალგაზრდებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის ტრადიციულ კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების თქმით, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს (არაუმეტეს 5 ადამიანი) შეუძლია.

მონაწილეებმა თემაზე „საქართველო ევროპაა“ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საინფორმაციო კამპანია, ფლეშმობი, სოციალური მედია კამპანია, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები (მაგ.: ერთობლივი დისკუსიების გამართვა, ერთობლივი კამპანიის ორგანიზება) და სხვა.

გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების და სამოქალაქო განათლების ექსპერტების მონაწილეობით, რეგიონების მიხედვით გამოავლენს და მათ სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს  საკონკურსო მასალის წარდგენა ელექტრონულ მისამართზე შეუძლიათ. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

ცნობისთვის, სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის წარმოჩენა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობაა.

კამპანია ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

კვირის ამბები