სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის 16 იშვიათ, უნიკალურ გამოცემას სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდიდან და 5 ექსპონატს ხელნაწერთა ფონდიდან, რესტავრაცია ჩაუტარდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მუზეუმთა ალიანსის I ანსამბლეაზე გორის მუზეუმის თანამშრომლებმა მმართველ საბჭოს ძირითადი პრობლემით მიმართეს, რომ მრავალი გამოცემა სასწრაფო რესტავრაცია-კონსერვაციას მოითხოვდა.
„გორის მუზეუმს, რომელსაც აქვს 88 წლის ისტორია, მდიდარი ფონდები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა და დაკომპლექტებულია იშვიათი და უნიკალური გამოცემებით, მრავალი გამოცემა მოითხოვდა სასწრაფო რესტავრაცია-კონსერვაციას. მმართველმა საბჭომ შეისწავლა ჩვენი მდგომარეობა, პრობლემები და სრულად დაგვიფინანსეს 21 ექსპონატის რესტავრაცია. აღდგენილი იქნა 16 იშვიათი, უნიკალური გამოცემა სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდიდან და 5 ექსპონატი ხელნაწერთა ფონდიდან.
საუკუნეგამოვლილმა ჩვენმა რარიტეტებმა სიცოცხლე შეინარჩუნა და ის კვლავ დიდ დახმარებას გაუწევს როგორც მეცნიერ-მკვლევარებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს“, - აცხადებენ მუზეუმის ადმინისტრაციაში.