საზოგადოება
13.09.2023 13:31
„C“, „D“ კატეგორიების და „C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წესები გამოქვეყნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ  „C“, „D“ კატეგორიების და „C1“, „D1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის წესები და პირობები გამოაქვეყნა.

სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გავიდეს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან, 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

 პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატს ენიჭება 365 კალენდარული დღე პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად.

ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასვლას, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღის შემდეგ შეძლებს, ხოლო პირველადი გასვლისას გამოცდის უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, მომდევნო გასვლებს შორის სავალდებულო შუალედი არის 30 კალენდარული დღე.

აღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ საგამოცდო მარშრუტებზე ოთხ ქალაქში - რუსთავში, თელავში, ქუთაისსა და ფოთში ჩატარდება.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ცვლილების მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.

 

 

კვირის ამბები