ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით ჩატარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კონკურსში მონაწილეობა ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კონსორციუმის შექმნა, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად, ევროკავშირის წევრი 2 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.
ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები კვლევებს ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ჩაატარებენ.
„პირველ ეტაპზე განაცხადებს ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის ექსპერტები განიხილავენ, მომდევნო ეტაპზე კი ხმის მიცემის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის მიზანია ბიომრავალფეროვნების გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარების ხელშეწყობა და ჰარმონიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკის შემუშავება“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პარტნიორობის Biodiversa+ (ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობა) წევრი 2023 წელს გახდა.