გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო და 5 კერძო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, წელს 1540 პირველკლასელი შეაღებს სკოლის კარს, მათ შორის 185 პირველკლასელი საბაზისო ცოდნას საოკუპაციო ხაზთან არსებულ სკოლებში მიიღებს.
„ახალ სასწავლო წელს მომზადებული ხვდება ყველა სკოლა. თითოეული მათგანი უზრუნველყოფილია სახელმძღვანელოებით, ამასთანავე, ტრადიციულად, წელსაც პირველკლასელებს საკლასო ოთახებში დახვდებათ ბუკები.
ვისარგებლებ შემთხვევით და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 67 საჯარო და 5 კერძო სკოლის ყველა პედაგოგს, თითოეულ მოსწავლეს, სკოლის ყველა თანამშრომელს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვეფერები იმ 1500-ზე მეტ პატარას, რომლებიც პირველად შეაღებენ სკოლის კარს.
ასევე, განსაკუთრებული მილოცვა იმ ახალბედა პედაგოგებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ რთულ პროფესიაში. მიხარია ახალგაზრდების დასაქმება სკოლაში და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
რაც შეეხება იმ სკოლებს, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაციაც მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა სკოლაში გადანაწილდნენ და მათი ტრანსპორტირებაც უზრუნველყოფილი იქნება.
ნანა ტერმაკოზაშვილის განმარტებით, მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები მე-6 საჯარო სკოლაში რჩებიან, ასევე ატენის სკოლა ხიდისთავის სკოლის შენობით ისარგებლებს, ხოლო მეჯვრისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთი სემესტრის განმავლობაში კვლავ ხელთუბნის საჯარო სკოლის შენობაში ისწავლიან.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს გორის მე-12 და სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლებში დაიწყო. ამიტომ მე-12 საჯარო სკოლის ბავშვები მე-7 (I-II კლასი) და მე-10 (III-XII კლასები) სკოლებში ისწავლიან, ხოლო ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები ზეღდულეთის სკოლის შენობით ისარგებლებენ.