მართლმადიდებელი ეკლესია 12 სექტემბერს წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.
ილია ჭავჭავაძე - ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი - 1907 წლის 12 სექტემბერს თავდამსხმელებმა წიწამურთან მოკლეს და მიიმალნენ.
მან ჩაუდგა სული ეროვნულ საქმეებს: დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. იყო ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი.
ილია მართალმა, ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, განაცხადა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“
იგი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის მებრძოლთა რიგებშიც იყო: 1905 წლის ოქტომბერში დაესწრო წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრებას, რომელიც საქართველოს ეკლესიის ავტონომიის საკითხს მიეძღვნა, მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს მიმართა თხოვნით, მხარი დაეჭირა ქართველთა ბრძოლისთვის ავტოკეფალიის დასაბრუნებლად.
1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: „ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი“.