15 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ახალ სასწავლო წელს იწყებს.
სააგენტოს ცნობით, სასწავლო-საწვრთნელი მეცადინეობა 5 სასპორტო სკოლაში, სპორტის 21 სახეობაში დაიწყება და ახალ ნაკადთან ერთად, პროცესში ჩაერთვებიან სპორტსმენები, რომლებიც გასულ წლებშიც ვარჯიშობდნენ.
მათივე ცნობით, ყველა სპორტულ სექციაზე სწავლა უფასოა. გარდა ამისა, ქვეყნის შიგნით გამართულ შეჯიბრებებზე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების ტრანსპორტით გადაადგილება, კვება და შეჯიბრების ხანგრძლივობიდან გამომდინარე ღამისთევა (სასტუმრო) უზრუნველყოფილია.
„სასწავლო-სავარჯიშო პროცესი დაიწყება, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემდეგ სასპორტო სკოლებსა და სპორტის სახეობებში: შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ქართული ჭიდაობა, სამბო, კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, რაგბი, ჭადრაკი, კრივი, კარატე, კიკბოქსინგი, ტაეკვანდო, ტანვარჯიში, მკლავჭიდი, ძალოსნობა, მძლეოსნობა, მეკლდეურობა, ქართული საბრძოლო ხელოვნება, მაგიდის ჩოგბურთი); გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა (ძიუდო, ქართული ჭიდაობა, სამბო); ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა (თავისუფალი ჭიდაობა); ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სკოლა (კრივი) და ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლა (კრივი)“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.