საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში DRG (მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით) მოდელის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა 27%-დან 10%-მდე შემცირდა, - ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, DRG მოდელის დანერგვით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, წლის ბოლომდე DRG დაფინანსების სისტემა მშობიარობას, საკეისრო კვეთას და ნეონატალური ასაკის ინტენსიურ მკურნალობას შეეხება.
„დაფინანსების აღნიშნული მოდელი სისტემის მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სამინისტრო, უმოკლეს ვადებში ახდენს რეაგირებას დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.
სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხის და გამოსავლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. DRG მეთოდით ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს გადაუხდის“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი გასული წლის 1-ელი ნოემბრიდან ამოქმედა.