საზოგადოება
11.09.2023 15:19
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვა ქვეყანაში ეტაპობრივად დაიწყება

სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ დანერგვას ქვეყანაში ეტაპობრივად იწყებს. 

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, 2023 წელს, საწყის ეტაპზე, მკურნალობის პროგრამაში 6 პაციენტი ჩაერთვება. მათ შორის არიან ბენეფიციარები, ვისაც ზრდის ზონები, ასაკის გამო, ყველაზე ადრე ეხურებათ. ასევე, მძიმე კლინიკური გამოვლინებების მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობას მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყებენ.

რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობას, მკურნალობის პროგრამა  მრავალპროფილურ, პედიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში განხორციელდება. პროცესს კი კლინიცისტების  მულტიდისციპლინური გუნდი წარმართავს.

შეგახსენებთ, 22 მაისიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ სამკურნალო იშვიათი დაავადებების სიას აქონდროპლაზია დაემატა.

აქონდროპლაზია გენეტიკური დარღვევაა, რომლის ძირითადი გამოვლინება დვორფიზმია. აქონდროპლაზიის მქონე ადამიანების ხელები და ფეხები მოკლეა, ხოლო ტანი, ჩვეულებრივ, ნორმალური სიგრძისაა.

აქონდროპლაზია განაპირობებს არაპროპორციულ ზრდას და მოკლე კიდურებს. იგი გამოწვეულია ერთ-ერთი გენის სტრუქტურის ცვლილებით.
კვირის ამბები