საზოგადოება
08.09.2023 16:06
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოვაჭრის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებს და დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ მოვაჭრის კომერციულ საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება: დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები.

„სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მოვაჭრე ვალდებულია, ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს. 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამოთვლის სახელმძღვანელოს მიზანია, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, ხელი შეუწყოს ჯარიმის ოდენობის ობიექტურად განსაზღვრას. ჯარიმის ოდენობის გამოთვლის პროცესის გამჭვირვალობას და ობიექტურობას“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნული სააგენტოში.

შეგახსენებთ, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1-ელ ივნისს ამოქმედდა. მისი აღსრულება კი 2022 წლის 1-ელ ნოემბერს დაიწყო. 2023 წლის ივლისში ცვლილებები შევიდა. მათ შორის, მოვაჭრისთვის ჯარიმის დაკისრების მიმართულებით.

კვირის ამბები