ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, - აღნიშნულ ინფორმაციას დასავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს მოუწოდებს გურიის რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
,,გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გურიასა და აჭარაში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მოტეხილია ხეები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.