საზოგადოება
07.09.2023 14:02
სოფლის მეურნეობის მინისტრი გორში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მოსავლის აღება-დაბინავების მდგომარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებოდა, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათგან მოსავლის აღების და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

მეჯვრისხევში მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია მოწყობილი, საიდანაც ხარისხიან მოსავალს ელოდებიან.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვეხმარებით ფერმერებს ინტენსიური ბაღების მოწყობაში და ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია მოწყობილი, საიდანაც ველოდებით როგორც რაოდენობრივად კარგ, ისე მაღალი ხარისხის მოსავალს. გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაშიც აქვთ ჩვენი მხარდაჭერა, მხოლოდ შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე მეურნეობაა მოწყობილი. ეს მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რათა ჰქონდეთ სტანდარტების შესაბამისად მოსავლის შენახვის და შემდგომ უკვე ეტაპობრივად რეალიზაციის პირობები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ვაშლის მოსავლის ამღები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა, რომელიც ფერმერმა სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიძინა. შეხვედრისას, ასევე, დაზღვევის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, ითქვა, რომ ეს პროცესი ფინანსურად გაცილებით გამარტივებულია და დაზღვევის დაახლოებით 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს.
კვირის ამბები