საზოგადოება
07.09.2023 13:38
მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს - მინისტრი ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი გახსნა და სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვაშლის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები და საკოორდინაციო შტაბში დასაქმებული ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა.

„წლებია ვეხმარებით ფერმერებს არაერთი მიმართულებით, მათ შორის არის ვაშლი, რომლის მოსავლის აღების პროცესი უკვე იწყება. როგორც გასულ წელს, წელსაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისეთ ვაშლზე, რომლის ბაზარზე რეალიზაცია ვერ განხორციელდება, გავცემთ სუბსიდიას. შარშან, ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით სამოცდაათი ათასი არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდა და ამ გზით ფერმერებმა დაახლოებით ოც მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ მათ არასტანდარტული ვაშლისგან დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის სიმონ გულედანის თქმით, გორში, საკოორდინაციო ჯგუფმა, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულ ჩაბარებას უზრუნველყოფს, უკვე დაიწყო მუშაობა და აღნიშნული პროგრამა ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზებას გაუადვილებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება. წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი - 120 ათასი ტონაა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება.

შეგახსენებთ, გასულ წელს, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ. ლარს აღემატებოდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან არასტანდარტულ ვაშლს შარშან ხილის გადამამუშავებელი 15 საწარმო იბარებდა. ვაშლის ძირითადი მოსავალი შიდა ქართლში მოდის.
კვირის ამბები