აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ადმინისტრაციული ჯარიმები გაიზრდება - ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 77/1 მუხლში შედის. შესაბამისი პროექტი ინიცირებისთვის უკვე მომზადებულია. კერძოდ, დროის ნებისმიერ მონაკვეთში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 500 ლარის ოდენობით იქნება, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - 5000 ლარის ოდენობით.
ამის შემდეგ, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა, ფიზიკური პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის ინიციატორთა ინფორმაციით, არსებული სტატისტიკა ამ ტიპის სამართალდარღვევებთან მიმართებით შემდეგია: - 2021 წლის მონაცემებით შედგა 148 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, 2022 წელს ეს რაოდენობა 253-მდე გაიზარდა, რაც შეეხება მიმდინარე, 2023 წლის მონაცემებს, მხოლოდ იანვარი-ივლისის თვის ჩათვლით, შედგენილია 344 სამართალდარღვევის ოქმი.