საზოგადოება
06.09.2023 12:21
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება

11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება და განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოში წელს პირველად ტარდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

გამოცდები ორ ეტაპად - სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება.

რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციის პროცესს: მათ, ვისაც გამოცდის ჩაბარება სექტემბერში სურთ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2-დან 8 სექტემბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration. cec. gov. ge, ან ამავე პერიოდში მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, ქუთაისი, წყალტუბო, ოზურგეთი, ზუგდიდი, სენაკი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, შუახევი.

ოქტომბერში გასამართ გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა კი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 14-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურად ვებგვერდზე registration. cec. gov. ge, ან მიმართონ საგამოცდო ცენტრებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, გორი, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო.

გამოცდები კი 25 ოქტომბრიდან დაიწყება.

„განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები წელს პირველად ტარდება. რეფორმის თანახმად, სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ასარჩევად (საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა), აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საუბნო საარჩევნო კომისიების კიდევ უფრო კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას.

სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით და მისი ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა კი განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით“, - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებას განახორციელებს.
კვირის ამბები