საზოგადოება
06.09.2023 12:11
გორის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო ფსუტური 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალშია

გორის მერვე საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტია. პედაგოგთა კონკურსის საუკეთესო ხუთეული გუშინ, 5 სექტემბერს გამოვლინდა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ნინო ფსუტური 2006 წლიდან მიხეილ ცერცვაძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად მუშაობდა.

რაც შეეხება მერვე სკოლას, აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინალისტი პედაგოგი 2008 წლიდან ბიოლოგიას ასწავლის.

„იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულში ძალიან დიდ სიხარულთან და მოტივაციასთან ერთად, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. იმედია, შევძლებ ღირსეულად ვატარო ეს სტატუსი“, - „გორის მაცნესთან“ განაცხადა ნინო ფსუტურმა.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში შიდა ქართლიდან კიდევ ერთი პედაგოგი, ნინო ნიპარიშვილი მოხვდა. იგი კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ტრადიციულად, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

კვირის ამბები