პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სოციალურად დაუცველებს გადამოწმების დროს ფულადი შემწეობის თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ. „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით, გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური სრულად უნაზღაურდება, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ ლარი. ამ გადაწყვეტილებით, გადამოწმების პერიოდში, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე, ოჯახებს უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია შესაბამის უწყებასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილიდან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც 430.000 მოქალაქე სარგებლობს.