საზოგადოება
05.09.2023 14:40
უხარისხო პესტიციდების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტების შემოწმება იწყება

მიმდინარე წელს, აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ყველა ობიექტი შემოწმდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე მცენარეთა დაცვის უხარისხო საშუალებების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი უკვე განხორციელდა 300-მდე ობიექტში, საიდანაც 29 შემთხვევაში გამოვლინდა ეტიკეტირების წესის, შენახვის და რეალიზაციის პირობების დარღვევა, ასევე რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები. უწყების ცნობით, გამოვლენილ დარღვევებზე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.

„მიმდინარე წელს, სახელმწიფო პროგრამით დაგეგმილია ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმება, ასევე აღებული და გამოკვლეული იქნება პრეპარატების 500-მდე ნიმუში. შემოწმებისას ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვის და რეალიზაციის პირობებს“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, დღეისთვის, საქართველოში, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-მდე ობიექტია რეგისტრირებული.

კვირის ამბები