აგვისტოში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 7.3 პროცენტით შემცირდა, რაც -0.72 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე, - სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფასები შემცირდა, ასევე, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-17.6 პროცენტი).
„ივლისში, ჯანდაცვის ჯგუფში 6.9 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, ამასთან, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფში -17.3 პროცენტიანი კლება იყო. შესაბამისად, აგვისტოში სამედიცინო პროდუქცია კიდევ უფრო გაიაფდა.
სამინისტროს მიერ ფარმაცევტულ ბაზარზე განხორციელებული რეფორმების შედეგად, ფასები მკვეთრად - 70%-მდე შემცირდა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.