კულტურა
04.09.2023 15:19
ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიქოზი 2023“ მიმდინარეობს

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ,,ნიქოზი 2023“ მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში, ტრადიციულად, წელსაც იმართება საუბრები ანიმაციასა და ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ტარდება კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეების და უცხოელი სტუმრებისათვის დაგეგმილია სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი უფრო ახლოს გაეცნობიან ქართულ კულტურას და საქართველოს ისტორიას.

ფესტივალის გახსნის ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ნიქოზის ფესტივალი საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძლიერი სამშვიდობო გზავნილია. გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის იყო და იქნება აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერი, რათა ამ ტრადიციამ დიდხანს იარსებოს“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მაისურაძემ.

ნიქოზის ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, ფესტივალი 2008 წლის ომის შემდეგ ნიქოზის ეპისკოპოსის მეუფე ისაიას ინიციატივით დაფუძნდა და წელს მეთერთმეტედ იმართება.

 

 

 

კვირის ამბები