გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით, მიმდინარე წელს, უკვე ისარგებლა 5 642-მა მოქალაქემ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარების დასახმარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 570 123 ლარი გაიხარჯა.
„სოციალური პროგრამის ფარგლებში, გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას და ერთჯერად ფულად დახმარებას სთავაზობს.
დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი დიფერენცირებულია სოციალური ქულების მიხედვით“, - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, აღნიშნული დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
რაც შეეხება პროგრამით სარგებლობის პროცედურებს, მოქალაქეებმა, დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნილი დოკუმენტაცია მერიის კანცელარიაში უნდა წარადგინონ. საჭირო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის მიღება კი, შესაძლებელია ვებგვერდზე: MS.GOV.GE.