საზოგადოება
01.09.2023 12:20
სოფლად მცხოვრები ქალების დღესთან დაკავშირებით 3 წუთიანი ფილმების კონკურსი ცხადდება

სოფლად მცხოვრები ქალების დღესთან დაკავშირებით, 3 წუთიანი ფილმების კონკურსი ცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფონდი ტასო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფილმის მთავარი გმირი უნდა იყოს სოფლად მცხოვრები ქალი და ფილმი უნდა ეხმიანებოდეს მიგრაციის, ბუნებრივი კატასტროფების ან კონფლიქტების საკითხს.

„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს სურვილი, ვიზუალური თხრობის გზით ორიგინალურად, გასაგებად და საინტერესოდ გადმოსცეს სათქმელი, სოფლად მცხოვრები ქალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, დააფიქროს მაყურებელი მნიშვნელოვან პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, თუმცა, შეიძლება იყოს ნაკლები, ფილმი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით, რაც შეეხება ჟანრს,ჟანრი შესაძლოა იყოს: მხატვრული, დოკუმენტური, მხატვრულ-დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური, ფილმი უნდა იყოს HD ფორმატის და კონკურსში მონაწილეობამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და არ უნდა გამოქვეყნდეს სხვა პლატფორმაზე კონკურსის დასრულებამდე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილის მფლობელებს ფულადი ჯილდო (I ადგილი - 2000 ლარი, II ადგილი - 1500 ლარი, III ადგილი - 1000 ლარი) გადაეცემათ.

დაინტერესებულ პირებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შევსება ელექტრონულ მისამართზე: taso . org . ge შეუძლიათ. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

კვირის ამბები