განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 7 მარტს დაიწყება და 15 მარტს დასრულდება. მანამდე კი, მოსწავლეები და პედაგოგები 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღესაც დაისვენებენ. „საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. 2019-2020 სასწავლო წელს, ამ არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღი 7-14 მარტს იყო დადგენილი, თუმცა, 7 მარტი - შაბათს, 15 კი, კვირას დაემთხვა და შესაბამისად, საჯარო სკოლებში სწავლა 16 მარტს განახლდება. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ცნობისთვის, 2019-2020 სასწავლო წელს, სწავლის ხანგრძლივობა 172 დღეს მოიცავს. I სემესტრი - 74 სასწავლო დღეს, ხოლო II სემესტრი 98 სასწავლო დღეს შეადგენს. I კლასი სასწავლო წელს 27 მაისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი, საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება.