საზოგადოება
31.08.2023 13:03
კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაფინანსდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის პროდუქციის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივრები. ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე თანადაფინანსება განსაზღვრულია შესანახი მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სასოფლო-სამერნეო კოოპერატივს ან მის არანაკლებ ხუთ მეპაიეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში, არანაკლებ 10 ჰექტარზე გაშენებული უნდა ჰქონდეს ლურჯი მოცვის, მაყვლის, ჟოლოს ბაღი.

„სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება მოცვის საკმაოდ დიდი მოსავალი. მოგეხსენებათ, რომ კენკროვანი კულტურები მალფუჭებადია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავდროულად ხელი შევუწყოთ ფერმერებს, შექმნან სამაცივრე მეურნეობები, სადაც შეინახავენ მოსავალს და შემდგომ უკვე ეტაპობრივად მოახდენენ მის რეალიზაციას. ვფიქრობ, ეს პროგრამა იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, შედარებით მცირე და საშუალო ფერმერებისათვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

კვირის ამბები