რწმუნებულის ადმინისტრაციაში ემიგრაციის, ქვეყანაში მიგრანტების დაბრუნების და მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ემიგრაციის, ქვეყანაში მიგრანტების დაბრუნების და მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
საკითხზე სასაუბროდ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანზაციის (IOM) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას. ასევე, ცალკეული რეგიონებისა და ქვეყნის განვითარებისთვის მიგრაციის დადებითი პოტენციალის გამოყენებას. ორგანიზაციის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის ხელშეწყობა, როგორც ინდივიდუალური დახმარების, ისე დაბრუნებული თემების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა ისეთი აქტივობები, როგორებიცაა მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შექმნა, დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეების დაფინანსება/თანადაფინანსება და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება“, - აღნიშნეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პროექტების განხორციელება შიდა ქართლის რეგიონთან ერთად სვანეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში იგეგმება.