კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირების ხელშეწყობის, კატასტროფების შესახებ ცნობიერების ამაღლების და თემის მედეგობის გაძლიერების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი სასკოლო კონკურსს - „ისწავლე უსაფრთხო გარემოში" აცხადებს.
ცენტრის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის 13 სამიზნე მუნიციპალიტეტში არსებულ (გორი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, სიღნაღი, სამტრედია, აბაშა, ხობი, სენაკი, ქობულეთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) სკოლებს.
პროექტი დაკავშირებული უნდა იყოს პროგრამით გათვალისწინებული 7 ბუნებრივი საფრთხიდან (წყალდიდობა, სეტყვა, ღვარცოფი, მეწყერი, გვალვა, ძლიერი ქარი, ზვავი) ერთ-ერთთან, რომელიც კონკრეტული ლოკაციისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„კონკურსის ფარგლებში მონაწილე ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს საპროექტო წინადადება, რომელიც განხორციელების შედეგად ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეულ კატასტროფებთან მიმართებაში უზრუნველყოფს სკოლის მედეგობის გაძლიერებას და ადგილობრივი თემის ჩართულობას.
საპროექტო წინადადება უნდა მოიცავდეს იმ აქტივობას/აქტივობებს, რომელიც განხორციელდება კონკურსით გათვალისწინებული ჯილდოს თანხობრივი ოდენობით (ბიუჯეტი ასევე უნდა ასახავდეს იმ აქტივობებს, რომლებიც ფულად რესურსს არ საჭიროებს). პროექტის ატივობების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს. საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის დირექტორმა. კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად: I ეტაპი - განაცხადების შერჩევა, II ეტაპი - საპროექტო წინადადების პრეზენტაცია. ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით სპეციალური კომისია გამოავლენს 2 ფინალისტს. გამარჯვებულ სკოლას გადაეცემა 1200 აშშ. დოლარი, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სკოლას 800 აშშ. დოლარი“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.