გორის მუნიციპალიტეტის ორმა სკოლამ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში ავტორიზაცია გაიარა და ავტორიზებული სკოლის სტატუსი მოიპოვა. გორის №2 და სოფელ შინდისის საჯარო სკოლები მუნიციპალიტეტში პირველია, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსის მისაღებად პროცესები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 15 სკოლაში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„წელს, საქართველოში განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი პირველად ახორციელებს საჯარო სკოლების ავტორიზაციას. ამ ეტაპზე ჩვენი მუნიციპალიტეტის ორი სკოლა - გორის №2 და შინდისის საჯარო სკოლა უკვე გახდა პირველი ავტორიზებული საჯარო სკოლები ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც ძალიან გვეამაყება.
აღნიშნული პროცესები მიმდინარეობს კიდევ 15 საჯარო სკოლაში, კერძოდ, გორის №5, №7, №9 და სოფლების საჯარო სკოლებში (ზერტი, თორტიზა, საქაშეთი, სკრა, ფხვენისი, ქერე, ხელთუბანი, ხიდისთავი, ოთარშენი, ტინისხიდი, ტყვიავი, ბნავისი). ეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციის მისაღებად სხვადასხვა ეტაპზე არიან და, შესაბამისად, წლის ბოლომდე გაირკვევა, როგორი წარმატებით გაივლიან ავტორიზაციას“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.