საზოგადოება
25.08.2023 10:49
ბაკურიანში საზაფხულო ბანაკი დაიხურა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ბაკურიანის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

ხინჩეგაშვილმა ახალგაზრდების დასმულ კითხვებსაც უპასუხა და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვა.

„პროექტში კონკურსის წესით შერჩეული, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 20 წლის ასაკის 150 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ბანაკის წევრებს, რომლებიც ბაკურიანს სამ ეტაპად სტუმრობდნენ, ემოციების მართვის, ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო აქტივიზმის, ადვოკატირების, პროექტების წერის და ემოციური კაპიტალის შესახებ ტრენინგები ჩაუტარდათ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობაც გაიმართა“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკი გორელ ახალგაზრდებს მეორე წელია მასპინძლობს.

პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ - „საზოგადოება ბილიკმა“ განახორციელა.

 

კვირის ამბები