წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მედიკამენტების ჩამონათვალი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება.
„ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. მედიკამენტების ჩამონათვალის და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია: referenceprice . moh. gov. ge /ui/ #/ main“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა.