დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა მონაწილეს, 2023 წლის 6 სექტემბრამდე შესაძლებლობა აქვს, გაანაწილოს საკუთარი საპენსიო აქტივები დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელში.
შესაბამისი სერვისის მიღება მოქალაქეებს იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ.
„იუსტიციის სახლში, ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ განცხადება საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე ავტორიზაციისთვის პარამეტრების განსაახლებლად. პარამეტრების განახლების შემდეგ, მიიღებთ შესაბამის ინსტრუქციას, რომლის საშუალებითაც შეძლებთ, ისარგებლოთ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის პირადი გვერდით. იუსტიციის სახლში, ასევე ხელმისაწვდომია საპენსიო სააგენტოს შემდეგი სერვისები: პენსიის დანიშვნა; საპენსიო სქემიდან გასვლა და ცნობების მოთხოვნა“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ მოქალაქეები არჩევანს თავად არ გააკეთებენ, დანაზოგი ავტომატურად გადანაწილდება წინასწარ განსაზღვრული სქემით - ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად:
40 წლამდე ასაკი - საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
40-დან 50 წლამდე - საპენსიო აქტივები წავა შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;
50 წელი და ზევით − სტაბილურ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელის შეცვლა 12 თვეში ერთხელ იქნება შესაძლებელი.