საზოგადოება
23.08.2023 14:09
„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ - ახალგაზრდობის სააგენტო კონკურსს აცხადებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევად საგრანტო კონკურსს აცხადებს.
სააგენტოს ცნობით, კონკურსში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი 25 წელს არ უნდა აღემატებოდეს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება. მათივე ინფორმაციით, კონკურსის მონაწილე კანდიდატი თავისუფლად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი), უნდა იცნობდეს საკონკურსო თემატიკას და ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს. გარდა ამისა, ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების და ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება, გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში, ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებების და გამოწვევების შესახებ, ასევე, გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, სხვადასხვა რეზოლუციის და დეკლარაციის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. გარდა ამისა, მანდატის ფარგლებში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა.
„პროექტი პროგრამის „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“ ნაწილია, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების და გაეროში მიმდინარე სხვა საერთაშორისო პროცესების შესახებ. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და ზოგადად, გაეროს დღის წესრიგში საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა. კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 20 000 ლარით დაფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.
ცნობისთვის, დაინტერესებულ პირებს საკონკურსო განცხადებების წარდგენა ელექტრონულ მისამართზე: info @youthagency .gov .ge შეუძლიათ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი სექტემბერი.
კვირის ამბები