საზოგადოება
23.08.2023 14:10
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა - რას ითვალისწინებს ახალი კანონი

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა, ასევე, საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.

რაც შეეხება ახალ კანონმდებლობას, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ.

 „სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში შრომითი ბინადრობის და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.

ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგის და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ცნობისთვის, შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ძალაში 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.
კვირის ამბები