შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის (CGM) უახლესი სისტემების და მათ გამოსაყენებლად, მობილური ტელეფონების უფასოდ გაცემა დაიწყო.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მოწყობილობები მუდმივ რეჟიმში ზომავს გლუკოზის დონეს, აფიქსირებს გლუკოზის მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.
„კომპანია Medtronic-ის უახლესი, მე-4 და მე-3 თაობის მოწყობილობები - Guardian 4 და Guardian 3 დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიიებია.
Guardian 4 შესწავლილი და დამტკიცებულია 7 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში. კომპანიის წარმომადგენლებისა და სპეციალისტებისგან, არ გაიცა რეკომენდაცია 7 წლამდე ასაკის ბავშვებში Guardian 4-ის გამოყენების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნული სისტემა 7-18 წლის მოზარდებისთვის გაიცემა. 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კი Guardian 3 სენსორების გაცემა გრძელდება. სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ექსპერტებთან და Medtronic-ის წარმომადგენლებთან ერთად, მათი რეკომენდაციის საფუძველზე განიხილავს, ასაკის დაწევისა და მეოთხე თაობის აპარატით, 7 წლამდე ბავშვების უზრუნველყოფის შესაძლებლობას“, - აცხადებენ სამინისტროში.
რაც შეეხება სმარტფონებს, განცხადებით მიმართვის საფუძველზე, მობილური ტელეფონებით უზრუნველყოფილები იქნებიან შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ასევე, ოჯახები, რომლებშიც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულია, 18 წლამდე ასაკის, ორი ან მეტი ბენეფიციარი.