ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლა ქართველი მხატვრების გელა ფილაურისა და ანგელინა დამენიას გამოფენას მასპინძლობს. ცნობილი წყვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს და შიდა ქართლის მხატვართა კავშირის ხელმძღვანელები, ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმოშობით გორელი მხატვარი გელა ფილაურისა და მისი მეუღლის, ანგელინა დამენიას ექსპოზიცია, სახელწოდებით „დიაპაზონი - კლასიკიდან მოდერნამდე“, პირველი ერთობლივი გამოფენაა, რომლითაც გორელი ხელოვანი საკუთარ ქალაქს ეწვია. მანამდე კი, გორელ ხელოვნებისმოყვარულებს, გელა ფილაურის პერსონალური გამოფენის- სახელწოდებით „ქართლის პალიტრა“ - ხილვის საშუალება, დაახლოებით ერთი წლის წინ ჰქონდათ.
ცნობისთვის, ქართველი მხატვრების წყვილი საზღვარგარეთ უფრო ცნობილია, ვიდრე საქართველოში. ისინი სხვადასხვა კონკურსებსა და მსოფლიო დონის გამოფენებზე იღებენ მონაწილეობას და არაერთი კონკურსის გამარჯვებულებიც გახლავან. 2019 წელს, ანგელინა დამენიასა და გელა ფილაურის ნაშრომები ვატიკანში გამოიფინა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვრებიდან დამენია და ფილაური აღმოჩნდნენ პირველები, რომლებსაც ვატიკანმა უმასპინძლა.
გორელ დამთვალიერებელს „დიაპაზონი - კლასიკიდან მოდერნამდე“ ხილვა 21 თებერვლამდე შეეძლება.