ჩვენ გვაქვს რუსეთის და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, - ამის შესახებ ,,რია ნოვოსტის" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველმა განუცხადა.
როგორც ვიაჩესლავ გობოზოვი აღნიშნავს, ამ სურვილის ფონზე, მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება მისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვაქვს რუსეთის და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსკენ და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არ დავასახელებ რომელ ქვეყნებთან, ეს ჯერ მხოლოდ სამუშაო ეტაპია“, - განაცხადა გობოზოვმა.
შეგახსენებთ, ალექსანდრე ლუკაშეკო რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ,,დამოუკიდებლობის“ აღიარებას არ გამორიცხავს.
ბელარუსის პარლამენტისთვის ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართვის წინადადება 6 ივლისს, დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ალან ტეხოვმა დააყენა.