საზოგადოება
22.08.2023 15:44
„ღირსეული პასუხი 2023“ - თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლება გაიმართება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2023“ (Noble Response 2023) გამართავს.

მედია-სწავლება სამხედრო, თავდაცვის და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვისაა და როგორც უწყებაში აცხადებენ, პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტების, რეპორტიორების და ოპერატორების გადამზადებაა.

„მონაწილეობის მსურველები 4 დღის განმავლობაში, 2023 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში, ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან ქ. სენაკში, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 4 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.

სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, კიბერუსაფრთხოების, ომის დროს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო მოქმედების წესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

პრაქტიკული ნაწილი რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშებას გულისხმობს, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

რაც შეეხება სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას, უკვე დაწყებულია და 5 სექტემბრის 17:00 საათამდე გაგრძელდება. სულ შეირჩევა 20 კანდიდატი და სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს.

დაინტერესებულ პირებს კონსულტაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 551 171202 (მარიამ მეგრელიშვილი). რეგისტრაციის ბოლო ვადა 5 სექტემბერია.

კვირის ამბები