საზოგადოება
22.08.2023 12:29
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება განახლდა

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება დღეიდან, 22 აგვისტოს 12:00 საათიდან განახლდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს შეადგენს (მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს).

დამატებითი 10%-იანი თანადაფინანსებაა განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის - მამაკაცებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით.

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე my. rda. gov. ge

„პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება და როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, - აცხადებენ უწყებაში.

 

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.

კვირის ამბები