საზოგადოება
22.08.2023 12:29
გორის მერი გარემოვაჭრეებს შეხვდა - რა შეთავაზება მიიღეს გარემოვაჭრეებმა

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გარემოვაჭრეებს შეხვდა. შეხვედრას, მერთან ერთად, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს გარემოვაჭრეებს, რომ ქალაქის და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი გარევაჭრობას ვეღარ გააგრძელებენ გურამიშვილის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს გააცნეს, ასევე, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები და შესთავაზეს რამდენიმე ლოკაციაზე საქმიანობის გაგრძელება გარკვეული შეღავათებით, რაც მერიის შუამდგომლობით განხორციელდება.

„აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. ტყუილია, რომ გორის მერიამ გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლება ქართლის ქუჩაზეც მისცა.

გარემოვაჭრეებმა მოითხოვეს ვადის გაგრძელება თავისი საქმიანობის არსებულ ქუჩებზე, რაზეც მერიისგან უარი მიიღეს. იქიდან გამომდინარე, რომ მათი თხოვნა არაერთხელ იქნა გათვალისწინებული, ასევე, დაანონსებული იყო შესაბამისი ღონისძიების გატარება, როგორც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებისგან, ასევე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკაონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გარემოვაჭრეებისთვის საქმიანობისთვის განსახორციელებელ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართებს, ესენია: ცხინვალის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ ბაზარი; შიო მღვიმელის ქუჩა N1-ის მიმდებარედ არსებული სავაჭრო სივრცე; 6 მაისის სანაპიროზე მდებარე ბაზარი - „გეორგია“, ასევე, განიხილება სხვადასხვა სავაჭრო სივრცეების შეთავაზებაც.

შეგახსენებთ, გორში გარევაჭრობა 19 აგვისტოდან აიკრძალა. გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციებისგან გაათავისუფლა, რამაც გარემოვაჭრეების პროტესტი გამოიწვია.

 

კვირის ამბები