საზოგადოება
22.08.2023 12:08
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ.
„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. წლის განმავლობაში განაცხადების მიღება ორ ეტაპად ცხადდება და ჯამში, გრანტი 200-მდე მიგრანტს გადაეცემა. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკას თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ“, - აცხადებენ სააგენტოში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველების განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 12 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა; გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.
განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info @ idp. gov. ge
კვირის ამბები