საზოგადოება
22.08.2023 12:10
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია დაიწყო

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. მათი ცნობით, მსურველებს რეგისტრაცია students. emis. ge ზე შეუძლიათ.

„გაითვალისწინეთ, რომ სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ და მობილობით სარგებლობა სურთ, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სავალდებული საგანი/საგნები (გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი).

ასევე, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2022 წელს ჩაირიცხნენ და სტატუსი შეუჩერდათ ან/და შეუწყდათ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით, უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობის მიუხედავად, მობილობის უფლება ექნებათ.

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადებში მის მიერ დადგენილი წესით და პირობებით წინასწარ გადის კონკურსს. სტუდენტმა კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, თავად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასუნდა მიმართოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი 7 სექტემბერის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მობილობის შედეგების ნახვა სტუდენტებს 2023 წლის 11 სექტემბერს შეეძლებათ.

 

კვირის ამბები